ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა შეწყვიტა.
რაც შეეხებათ თემურ ჯანაშიას, ანი წითლიძესა და დავით კირკიტაძეს ისინი მე-4 დღეა შიმშილობას აგრძელებენ. ისინი აცხადებენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
"ერთადერთი ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა გუშინ და ეს ბოლო 2 დღე. იგი გავუშვით სახლში, რადგან არ შეიძლებოდა უკვე მისი გაჩერება", - თქვა ჯანაშიამ.
15 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანამდე ენმ-ის რამდენიმე დეპუტატი შიმშილობას აცხადებს.
14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით მანამდე, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.
გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.