logo
ENG



ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება

17 მარ 202021:29
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადა.  მოსამართლე ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, ექსპერტიზის დასკვნით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებული მძიმედაა ავად. ეს მაშინ როდესაც მოსამართლეს, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენიტენციურ დაწესებულებაში თავად მოუწია მისვლა.  

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად  მოქმედებს, მოსამართლე კი პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.  

მსგავსი პოზიცია აქვს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მმართველს, პეტრე ცაავა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში საპატრიარქოს კვალს ხედავს, მიუხედავად იმისა,რომ ეკლესიამ გუშინ შეწყალებისა და სასჯელის გადავადების  შესახებ განცხადება კიდევ ერთხელ გაავრცელა 

სასჯელის გადავადების მოთხოვნას საფუძვლად ის  გარემოებაც უდევს, რომლის მიხედვითაც ექსპერტები ადასტურებენ რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას დეკანოზის დაავადების მკურნალობა არ შეუძლია. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრში ამბობენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე  პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა,  რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.


close დახურვა