logo
ENG



ჯაფარიძე: ამ წუთის მდგომარეობით, ერთიან დოკუმენტზე შეჯერება ჯერჯერობით ვერ ხერხდება

27 აპრ 202111:30
3 წუთის საკითხავი
clock 1518
ფორმულა

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, თუ ქართული ოცნება შეთანხმების პირობებს დაარღვევს, ის ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს.

ამის შესახებ ჯაფარიძემ პარლამენტში მისვლის შემდეგ ისაუბრა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას გულისხმობს შეთანხმების პირობების დარღვევა გასვლა, ჯაფარიძემ განმარტა, რომ თუ მმართველი პარტია შეთანხმების ინტერპრეტაციას ეცდება, ე.ი. "ოცნება გადის ხელშეკრულებიდან".

"თალაკვაძის ჩამოცილება, კუჭავას წამოწევა და სხვა ხალხი რომ დადის ახლა მოლაპარაკებებზე, შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ აპირებენ შეთანხმების ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა შეთანხმებული. თუ ასე იქნება, ეს ნიშნავს, რომ ოცნება გადის შეთანხმებიდან. კონკრეტულად ამნისტიასთან მიმართებაში არ ყოფილა შეთანხმება, რომ ჯალათები გათავისუფლდებოდნენ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, დღეს მისი პარლამენტში მისვლით არაფერი იცვლება. როგორც მან აღნიშნა, არსებული მდგომარეობით პოლიტიკური პარტიები ერთიან დოკუმენტზე ვერ თანხმდებიან.

"დარბაზში რომ შევალ და რეგისტრაციას გავივლი, მაგის შემდეგ ერთ ადამიანს გამოუშვებენ ციხიდან, რომელიც პოლიტიკური პატიმარია, მეტი არაფერი არ იცვლება. დღეს მეტი არაფერი არ იცვლება. მეორე ადამიანთან მიმართებაში ან დაიდება ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც იქნება ორივე მხრიდან მხარდაჭერილი, ან არ ვიცი რა იქნება...

შეიძლება მოხდეს ისე, რომ ნიკამ გირაო გადაიხადოს და ისე გამოვიდეს, ან როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, არ ვიცი. ამ წუთის მდგომარეობით, ერთიან დოკუმენტზე შეჯერება ჯერჯერობით ვერ ხერხდება", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებმაც 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში მივიდა. 

შენობაში შესვლა მათ საპროტესტო აქციის ფონზე მოუწიათ.

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.

მელია გირაოს გადახდაზე აქამდე უარს ამბობდა, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.

 

 

 

 

 


close დახურვა