logo
ENG



ჯაფარიძე: არის პრინციპული საკითხები, სადაც პოზიციები შორს არის ერთმანეთისგან

08 დეკ 202020:48
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: არის პრინციპული საკითხები, სადაც პოზიციები შორს არის ერთმანეთისგან

გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არის გარკვეული საკითხები, სადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანხვედრა შესაძლებელია - მაგალითად საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები და საარჩევნო პროცედურები.

როგორც მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რჩება პრინციპული საკითხები, რომელზეც შეთანხმება, ამ ეტაპზე, ვერ ხდება.

"გავაგრძელეთ საუბარი პუნქტების მიხედვით ხელისუფლების შემოთავაზებაზე და ჩვენს შეჯერებულ პოზიციებზე. არის გარკვეული საკითხები, სადაც თანხვედრა შესაძლებელია - ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებებს და საარჩევნო პროცედურებს და არის სხვა პრინციპული საკითხები, სადაც პოზიციები შორს არის ერთმანეთისგან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ჯაფარიძის თქმით, ამ კუთხით სიახლე არ არის და ქართული ოცნება კვლავ თავის აზრზე რჩება.

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს გაიმართა.

მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.  

შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა