ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ლელო პარლამენტს არ დატოვებს და შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებების შესრულებას საკანონმდებლო ორგანოდან გააგრძელებს.
"ჩვენ ერთგული ვრჩებით შარლ მიშელის შეთანხმების და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველა აღებული ვალდებულება შესრულებული იყოს და ასევე, ვიწყებთ მომზადებას ადგილობრივი არჩევნებისათვის. პარლამენტში გავაგრძელებთ ბრძოლას შარლ მიშელის დოკუმენტის სრული შესრულებისათვის", - თქვა ჯაფარიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ქართულ ოცნებას უნდა, რომ საზოგადოებამ არჩევნების მიმართ რწმენის დაკარგოს, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ.
"ვერსად ვერ გაიქცევა ოცნება. მას აღებული აქვს ვალდებულება. მათ სწორედ ის უნდათ, რომ ადამიანებმა დაკარგონ რწმენა არჩევნების მიმართ და არ მოვიდნენ არჩევნებზე. ქართული ოცნება ამ მიზანს ვერ მიაღწევს", - თქვა ჯაფარიძემმ.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის ნაწილისა და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შეხვედრაზეც და თქვა, რომ კრამონი ოცნების გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულია და თავის პოზიციას ხვალ გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირებს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.
დღეს, 29 აპრილს, ოცნების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა.
მიშელი აღნიშნავს, რომ იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ მხარეებთან და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.
გუშინ, 28 ივლისს, ქართული ოცნების დოკუმენტიდან გასვლის შემდეგ შემდეგ გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვა.