logo
ENG



ჯაფარიძე ფიქრობს, რომ 5 ივლისის მოვლენებზე საპატრიარქოს პასუხისმგებლობა არ ეკისრება

08 ივლ 202118:37
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე ფიქრობს, რომ 5 ივლისის მოვლენებზე საპატრიარქოს პასუხისმგებლობა არ ეკისრება

ლელო საქართველოსთვის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 5-6 ივლისს თბილისის ქუჩებში მასობრივ ძალადობაზე საპატრიარქოს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. 

როგორც ჯაფარიძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების აქციაზე, რომელიც საპატრიარქოს მიერ იყო დაორგანიზებული, კონკრეტული სასულიერო პირების განცხადებები გაჟღერდა და მათ საპატრიარქოს პოზიციასთან კავშირი არ აქვთ. 

ის ფიქრობს, რომ სასულიერო პირების განცხადებებისა და მოწოდებების განზოგადება არ უნდა მოხდეს. ჯაფარიძე ამბობს, რომ ეკლესიაზე შეტევის მიტანა ქვეყნის მტრების ინტერესებშია. 

⁠"ეს კონკრეტული სასულიერო პირის მოწოდებაა, ეს არ შეიძლება იყოს გაიგივებული საპატრიარქოსთან ან ეკლესიასთან. თქმა რომ ეს არის მოწოდება მათი მხრიდან არის ხალხის შეცდომაში შეყვანა... ყველა სასულიერო პირი წარმოადგენს მის პოზიციას, მაღალი სასულიერო იერარქი იქნება თუ არა. როგორც დასაგმობია ძალადობა ადამიანების მიმართ, გამვლელების და ჟურნალისტების მიმართ, რადგან ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ასევე მეორე მხრიდან აგრესია, რომ განაზოგადონ სასულიერო პირების გამონათქვამები და ზოგადად ეკლესიას დასდონ ბრალი, ეს არის მიუღებელი. იმის თქმა, რომ ძალადობრივი ჯგუფები ეკლესიის მიერ იყო მობილიზებული, არის ტყუილი", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ კონტრაქციაზე მყოფი ძალადობრივი ჯგუფები კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების წევრები არიან. 

"იქ იყვნენ რა თქმა უნდა ეკლესიის წევრები, მრევლი, რომელიც იქ იდგა, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების წევრები და ამ ორგანიზაციების მიერ წახალისებული ჯგუფები. ეკლესიისთვის ზიანის მიყენება ეს არის სახელმწიფოებრიობისთვის ზიანის მიყენება..ვინც იქ იყო ჭეშმარიტი კრისტიანი, უნდა გადაეფაროს ჟურნალისტს და ყველა ადამიანს. განზოგადება და მთლიანად ეკლესიაზე შეტევის მიტანა არის ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში", - თქვა მან. 

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 15 პირი ჰყავს დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა სასუიერო პირმა შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ ქვეყნისთვის უნდა იძალადონ. 

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბული იყო 6 ივლისსაც. მედიაზე ძალადობის გამო პარლამენტთან სოლიდარობის აქცია დაანონსების შემდეგ, ძალადობრივი ჯგუფები ისევ შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, თუმცა მათი უმრავლესობა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 


close დახურვა