logo
ENG



ჯაღმაიძე კარტოგრაფებზე: შესაძლოა, ამ ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს საკითხი

14 ოქტ 202017:38
3 წუთის საკითხავი
clock 445
807huxe3zedza9x.png

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ "ეკლესიისთვის სიწმინდეები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ერთ კონტექსტში განიხილება და ერთსა და იმავეს ნიშნავს". 

მისივე თქმით, ეკლესიის ბოლოდროინდელი განცხადებები სახელმწიფოსგან ყურადღების მიქცევას ისახავდა მიზნად. 

"ჩვენ ხომ წინასაარჩევნო გეგმებში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ, ხომ 15 წელია ამაზე ვლაპარაკობთ. გუშინ ვუსმინე დავით ხიდაშელს და მან თქვა, რომ დოკუმენტაცია ჩამოიტანა აგვისტოში და გადასცა თავდაცვის სამინისტოს. მერე პროცესს თვითონ მიადევნეთ თვალი. ჩვენთვის ამ საკითხებს ვადების ზომვა არ არის პრიორიტეტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორად გაივლოს ხაზი. 

მე არ ვიცი, შიგნით რა პროცესი იყო, ვინ რას უშლიდა ხელს, მაგრამ ჯანსაღად რომ არ მიმდინარეობდა პროცესი, ამაზე ვლაპარკობდით", - ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. 

რაც შეეხება დაკავებულ კარტოგრაფებს, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას, ჯაღმაიძე ამბობს, რომ შესაძლოა "ამ პრობლემის ცენტრში მხოლოდ 2 ადამიანის დაყენება არასწორია". 

"ძალიან არასწორი და ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს ამ მიმართულებით გასარჩევი საკითხი. უნდა დაველოდოთ, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და ვნახოთ რა იქნება". 

საქართველოს მოქალაქე, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენი დავით ხიდაშელი არის ის პირი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს ის რუკები გადასცა, რომლის საფუძველზეც შემდეგ საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა. 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

დავით ხიდაშელი პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა დაკავებულების წინააღმდეგ. რუსთავი 2-ის ეთერში მან თქვა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი 2019 წლის სექტემბერში დაუკავშირდა და უთხრა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით პრობლემა იყო შექმნილი. ხიდაშელის განცხადებით, ივანიშვილმა დეტალებში გასარკვევად თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გადაამისამართა.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა მოსკოვში, სახელმწიფო არქივში დაცული რუკები 2020 წლის მარტში გამოაგზავნა, ივლისში კი თავადაც ჩამოვიდა საქართველოში და კატროგრაფიულილ მასალა სრულად ჩამოიტანა. 

პროკურატურა ხიდაშელის მიერ თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი". 

ანდრია ჯაღმაიძემ არაერთხელ უწოდა კომისიის მუშაობას მოღალატეობრივი. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის რამდენიმე წევრმა თქვა, რომ მათთვის გაუგებარი და მიუღებელია კარტოგრაფების მიმართ არსებული ბრალდება. 

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 


close დახურვა