საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ პატრიარქ ილია მეორის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მორიგი ფანტაზია, ტყუილია.
გუშინ, 13 ოქტომბერს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი ილია მეორე დეკემბერში, თავის იუბილეზე გადადგომის შესახებ განაცხადებს.
ჯაღმაიძის თქმით, პატრიარქს ჰქონდა გადადგომის სურვილი "ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ასაკიდან გამომდინარე", თუმცა მისივე თქმით, სინოდის წევრთა თხოვნის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.
"პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომის შესახებ, მაგრამ არანაირი თარიღები, არანაირ დღესთან, ვადებთან დაკავშირებით და ის, რაც გუშინ მთავარი არხის სიუჟეტში მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება, არის მორიგი ფანტაზია და მორიგი ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ასაკიდან გამომდინარე [აპირებდა გადადგომას], ვერ გეტყვით. მე ვთქვი მაშინ, რომ მღვდელმთავრები ზოგადად არიან ამის წინააღმდეგი, მღვდელმთავრები პატრიარქისადმი მამობრივი გრძნობით არიან, ამიტომ განწყობაც შესაბამისია, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება", - თქვა ჯაღმაიძემ.