logo
ENG



ჯაღმაიძე წირვაზე: მთავარია დისტანცია დავიცვათ, რათა ერთბაშად არ მოხდეს აფეთქება

15 აპრ 202021:27
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მრევლი ეკლესიაში დისტანციას დაიცავს და ტაძრებში რეკომენდაციები შესრულდება.

„თუ გაქვთ გარანტია, რომ დაცული ვარ, როდესაც გესაუბრებით? ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის დაავადება, რომელსაც ყველა მოვიხდით. მთავარია ჩვენ გავუფრთხილდეთ დისტანციის დაცვით, რომ ერთბაშად არ მოხდეს აფეთქება“, - განაცხადა ჯაღმაიძემ. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, შესაძლოა, მსხვილ ქალაქებში სასაფლაოები დაიკეტოს.

ამავდროულად, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი ამოქმედებულია ბოლნისსა და მარნეულშიც.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 034 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 71-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით სასულიერო პირიცაა დაინფიცირებული. კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისში, ვერაზე მდებარე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მსახურია. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზეც აღასრულებდა.


close დახურვა