საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, თვითონ იქნება პასუხისმგებელი. ჯაღმაიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილს "არ ავალდებულებენ შიმშილობას".
"ალბათ, თავად იქნება პასუხისმგებელი, მან გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას. საპატრიარქოს რაც შეეხებოდა, ჩვენ მას მოვუწოდეთ, ნებისმიერ მოშიმშილეს მოვუწოდებთ, ეს არის მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო. საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება არაა ქრისტიანულად გამართლებული აქტი, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი შემთხვევა იქნება, ნებისმიერი სასულიერო პირის ვალდებულება იქნება, რომ მოუწოდებს ადამიანს, თავის ჯანმრთელობას [ნუ აზიანებს]", - თქვა ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, ყველა ადამიანს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს სათანადოდ უმკურნალონ. ხოლო რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ეს შეფასების ნაწილია.
"გადაიყვანონ - უკვე არის პოლიტიკური განცხადება, რადგან აქ არის მთელი ჭიდაობა. ნუ ჩამრთავთ", - თქვა მან.
ჯაღმაიძის თქმითვე, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის შეფასება არ შეუძლია, რადგან ობიექტურ ინფორმაციას ვერ იღებს, ხოლო არსებული ერთმანეთისგან საპირისპიროა.
სააკაშვილი 48-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.
მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობა დაიწყო პაატა ბურჭულაძემ. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.