logo
ENG



ჯიშკარიანი: სააკაშვილის შიმშილობა უნდა შეწყდეს სამოქალაქო საავადმყოფოში

13 ნოე 202121:41
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/13/4poecbosve7ywvo.jpg
კადრი: მთავარი არხი

ცენტრ ემპათიას დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ემპათიის დასკვნით, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის მოწოდებისამებრ შეწყვიტოს შიმშილობა, საჭიროა მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი რეაბილიტაციის პირობები გლდანის ციხის საავადმყოფოში არ არის.

ჯიშკარიანის თქმით, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა დადგეს სერიოზული გართულებები სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ და მყისიერად განვითარდეს სიკვდილი.

"აღნიშნული დასკვნა გახლავთ დაყრდნობილი იმ მოცემულობას, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მისი მოწოდების საფუძველზე, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, იმ შემთხვევაში, თუ კი იგი გადაყვანილი იქნება ადეკვატურ კლინიკაში მკურნალობა/რეაბილიტაციისათვის. დასკვნის ძირითადი დებულება გახლავთ ის, რომ შემაჯამებელ დასკვნაში წერია, რომ შეუძლებელია შიმშილობის შეწყვეტა, ხანგრძლივობიდან გამომდინარე, იმ დაწესებულებაში სადაც ახლა იგი იმყოფება, შიმშილობა უნდა შეწყდეს მულტიპროფილურ სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში, ჰოსპიტალში, სამკურნალო დაწესებულებაში და მას უნდა მოჰყვეს შემდგომში მკურნალობა-რეაბილიტაციის ადეკვატური პირობები.

ეს განპირობებულია იმით, რომ "რეფიდინგის" სინდრომს, შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული გართულებები, მათ შორის პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემის მხრივ, განსაკუთრებით კი გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ასევე, სასუნთქი სისტემის მხრივ და სხვადასხვა ორგანოების სისტემის მხრივ და ეს გართულებები იმდენად, რთული იყოს, რომ მყისიერად დადგეს სიკვდილი, შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც იგი იმყოფება, ამგვარი მკურნალობის, რეფიდიგნის გართულების პრევენციის შესაძლებლობები" - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი მთავარი არხის ეთერში.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფის, მათ შორის ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ჩართვით ინდივიდუალური მკურნალობა, მას შემდეგ რაც მას გამოკვლევები ჩაუტარდება და ის მკურნალობას დათანხმდება. ამჟამად ჯიშკარიანის თქმით, გლდანში მიხეილ სააკაშვილისთვის გამოკვლევების ჩატარება ვერ ხერხდება.

ჯიშკარიანის თქმით შიმშილობის შეწყვეტიდან 10 დღე ყველაზე კრიტიკულია და ამ დროს სააკაშვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა იყოს, მთლიანობაში კი რეაბილიტაციას მინიმუმ სამი თვე სჭირდება.

მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პერმანენტული წამების მსხვერპლია, რაც შიმშილობის შედეგებს კიდევ უფრო ამძიმებს. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან ის შიმშილობს - უკვე 44-ე დღეა. 

8 ნოემბერს სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს - ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა და ამ დრომდე ითხოვს. 

გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პატიმრებმა კი დამცირების მიზნით ე.წ შუმოკი მოუწყვეს.

ექიმების და ენმ-ის წევრების განცხადებით, ციხის დაწესებულება არ არის საავადმყოფო და იქ არ არის სამედიცინო აღჭურვილობა. როგორც ეკა ხერხეულიძემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პატიმრები მაშინ, როცა ის საკნის ფანჯარას აღებს და ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდის. ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილს არც შუქის ჩაქრობის საშუალება ეძლევა.


close დახურვა