გადაცემაში „პოლიტმეტრი“ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოძიების მხრიდან ფსიქოლოგის ხსენება რაიმე ვერსიის განვითარებისთვის არასაკმარისი მიზეზია.
„ემპათიის“ ხელმძღვანელმა, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეშია ჩართული განაცხადა, რომ ყველა დიდ კომპანიაშია რეკომენდირებულია, ჰყავდეთ სუპერვიზორი ფსიქოლოგი, რომელიც ახდენს სამსახურეობრივი გადაწვისა და სტრესული მდგომარეობის გათავისუფლების პრევენციას.
„საერთოდ, თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში ფსიქოლოგი, ყველა სამსახურში, ვინც დატვირთვით მუშაობს, მათ რეკომენდირებულია, ჰყავდეთ სუპერვიზორი ფსიქოლოგი, რომელიც ახდენს სამსახურეობრივი გადაწვისა და სტრესული მდგომარეობის გათავისუფლების პრევენციას. შესაბამისად, თუ კი ეს გოგონა მაღალი სტანდარტებით მუშაობდა საერთაშორისო კომპანიებში, არ არის გამორიცხული, მათ ჰყოლოდათ ფსიქოლოგი. არსებობს რისკის ჯგუფის ადამიანები - ციხის თანამშრომლები, ციხის ექიმები, გამომძიებლები, მეხანძრეები და მათ შორის დიდი კომპანიის თანამშრომლებიც, რეკომენდირებულია მათთვის სუპერვიზიის პროგრამები, რათა არ მოხდეს ამ ადამიანების გადაწვა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. ამ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდა ამისა, ითქვა, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიებამ დაკითხა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. გარდაცვლილის მამას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
გარდაცვლილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ის, რომ ფსიქოლოგი არის დაკითხული, არის პირდაპირი მიმართულება, რომ საზოგადოებას ჰქონდეს წარმოადგენა, რომ ეს იყო თვითმკლელობა.