logo
ENG



ჯონსონი: პუტინის უგუნური ქმედებები მთელი ევროპისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს

04 მარ 202207:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/duu5qmtt7xa7jy0.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინის უგუნური ქმედებები მთელი ევროპისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნული განცხადება ჯონსონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანა.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სიტუაციას უკიდურესად შემაშფოთებელი უწოდა.

"ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე და დაუშვას საგანგებოს სამსახურების შეუზღუდავი წვდომა ქარხანაში", - აღნიშნულია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში.

ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს. იგი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. სადგურს ცეცხლი უკიდია. ელექტროსადგურის თანამშრომლის ინფორმაციით, არსებობს რეალური ატომური საფრთხე.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე რუსების მიერ მიტანილ იერიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ატომური ელექტროსადგური არ დაუბომბავს, თუმცა რუსეთმა ეს გააკეთა. 

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ ელექტროსადგურზე 6 ბლოკია და აფეთქების შემთხვევაში ევროპა ატომური კატასტროფის წინაშე დადგება. მას მაგალითად ჩერნობილის სადგურის აფეთქება მოჰყავს. ზელენსკის თქმით, ის მომხდარზე უკვე ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს და ინფორმაცია მიაწოდა. 

ელექტროსადგურზე მეხანძრეები დაუშვეს.


close დახურვა