logo
ENG



ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: აუცილებლად ვფიქრობ ფართომასშტაბიან აქციებს

04 აგვ 202019:47
3 წუთის საკითხავი
 
2d1b2g7u7ccz2k0.jpg

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშილის მამა ფართომასშტაბიან აქციებზე საუბრობს. განცხადება ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა "ფორმულას" გადაცემაში "კომენტარი" გააკეთა. როგორც ბაჩალიაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, ოჯახი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

ბაჩალიაშვილი საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის ბოლომდე ბრძოლას არ შევწყვეტთ. იმედი მაქვს ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება და ყველას გვეშველება. გამოვიღვიძოთ და ერთად ვიყოთ, ყველა მშობელს ვთხოვ, დავდგეთ ერთად, გადავრჩეთ, შვილები გადავარჩინოთ",-აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

წამყვანის კითხვაზე, აპირებს თუ არა ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციების გამართვას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა უპასუხა, რომ ის ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს.

ბაჩალიაშვილის ოჯახი უკვე მეოთხე დღეა პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს, ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. 

დღეს ისინი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. ოჯახი გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე FBI-სთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს - ამის შესახებ უწყებამ "ფორმულას" განუცხადა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

 

 


close დახურვა