ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ამჟამად, ლუჰანსკის ოლქის ტერიტორიის 90%-ზე მეტი კვლავ ოკუპირებულია.
"როდესაც უკრაინის დროშა აღიმართება ლუჰანსკში, ეს იქნება ჩვენი გამარჯვების ნიშანი ომში. ამჟამად, ლუჰანსკის ოლქის ტერიტორიის 90%-ზე მეტი კვლავ ოკუპირებულია. შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ, თუმცა, ამინდის გაუარესების გამო, ეს სწრაფად არ ხდება. ჩვენი მცველები უკიდურესად მძიმე პირობებში არიან.
რუსები დეოკუპირებულ ნევსკისა და მაკიივკას ბომბავენ. იქ ჯერ კიდევ არის მშვიდობიანი მოსახლეობა, 30-ზე მეტი მაკიივკაში და 150-ზე მეტი ნევსკში. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ევაკუაციას", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.