logo
ENG



ჰაიდაი: გეგმები, რომლებიც ოკუპანტებმა საკუთარ თავს დაუსახეს, მთლიანად ჩავარდა

23 ოქტ 202217:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/23/xvsvx7cnrqpox0w.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით,  გეგმები, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა საკუთარ თავს დაუსახეს, მთლიანად ჩავარდა.

"ამინდი ცოტა შემაფერხებელია ჩვენთვის, რადგან ახლა წვიმს, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების საზღვარზე, და ეს ანელებს შეტევას, რადგან ტექნიკა იჭედება, მაგრამ მაინც, იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გენერალური შტაბისგან ლუჰანსკის რეგიონიდან სასიხარულო ამბებს მივიღებთ," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რაიონში რუსი ოკუპანტები თავდაცვით სიმაგრეებს აშენებენ და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დასატოვებლად ემზადებიან.

"ჩვენ აშკარად გვესმის, რომ გეგმები, რომლებიც მათ [ოკუპანტებმა] საკუთარ თავს დაუსახეს, მთლიანად ჩავარდა," - განაცხადა ჰაიდაიმ.

ჰაიდაი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დგას უზარმაზარი იარაღი, ტექნიკა და პერსონალი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსები გაუთავებლად ურტყამენ უკრაინული ძალების პოზიციებს, მაგრამ მისი თქმით, უკრაინელ ჯარისკაცებს მსოფლიოში საუკეთესო მოტივაცია აქვთ.

უკრაინული ძალების კონტრშეტევა გრძელდება. 5 ოქტომბერს, ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გამოაცხადა ლუჰანსკის რეგიონის დეოკუპაციის დაწყების შესახებ.

9 ოქტომბრის მდგომარეობით, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუჰანსკის ოლქში შვიდი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.


close დახურვა