logo
ENG



ჰაიდაი: უკრაინული ძალების კონტრშეტევის გამო, ოკუპანტები ლუჰანსკის ოლქს მასობრივად ტოვებენ

11 სექ 202222:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/11/zvw3u2iouxh9wyd.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის გამო, რუსი ოკუპანტები ლუჰანსკის ოლქს მასობრივად ტოვებენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ჰაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის გამო, ოკუპანტებმა ლუჰანსკის ოლქიდან რუსეთში მასობრივი გაქცევა დაიწყეს. გამშვებ პუნქტ ლუჰანსკში 12-კილომეტრიანი საავტომობილო რიგია", - წერს ჰაიდაი Telegram-ზე.

ჰაიდაის თქმით, ანალოგიური სიტუაციაა სვატოვოშიც.

"გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ნაჩქარევად დატოვეს დასახლებული პუნქტი 4 სატვირთო ავტომობილით, დასახლებული პუნქტიდან გავიდა 20 ჯავშანტექნიკა და 20-ზე მეტი მსუბუქი ავტომობილი", - წერს ჰაიდაი. 

***

6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს. 

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი. 

ISW ასევე აცხადებს, რომ უკრაინა, კონტრშეტევის პირობებში, იზიუმს მაქსიმუმ 48 საათში გაათავისუფლებს, თუ ეს უკვე არ გაუკეთებია. 

10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ბალაკლია-იზიუმიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის შესახებ პირობების შეუსრულებლობა რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ანგრევს. 

რუსული ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ფრონტზე ხერსონის ოლქში, მანამ, სანამ უკრაინული ძალები აწარმოებენ პოზიციურ ბრძოლებს და აგრძელებენ რუსეთის ლოჯისტიკური ხაზების განადგურების კამპანიას.

ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში უკვე 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონის ზოგიერთ დასახლებაში თავიანთი პოზიციებიდან უკან დაიხიეს.


close დახურვა