ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ლისიჩანსკისა და კრემენაიას მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს.
"ყველაზე რთული ვითარება ახლა ლისიჩანკის მხარესაა. ბელოგოროვკას ტერიტორია დედამიწის პირიდან წაშალეს, მაგრამ მის ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებენ. რაც შეეხება სვატოვოს მიმართულებას და კრემენაიას, იქ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უპირატესობა აქვთ, წარმატებულები არიან, თანდათან წინ მიიწევენ, მტრის განუზომელი რაოდენობისა და იქ მუდმივად შემოტანილი ტექნიკის მიუხედავად", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაის თქმით, კრემენაიასა და პოპასნაიას ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობა საშინელია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გათბობასთან და წყალთან დაკავშირებით უკრაინის მოსახლეობას პრობლემები აქვს.
ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ლუჰანსკის რეგიონში 13 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია.