ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსულმა სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა. ჰაიდაი ასევე აღნიშნავს, რომ ლუჰანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში 50 სახლი განადგურდა.
"რუსებმა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში თავიანთი ძალა გაამყარეს, ისინი სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ.
ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. სიტუაცია ჯერ კიდევ ძალიან რთულია," - განაცხადა ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.