logo
ENG



ჰამასი ამბობს, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს

21 ოქტ 202322:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/21/13uoif1yesrwgpd.png

ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენელი ღაზი ჰამადი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლებისთვის მზად არიან, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს.

ჰამადი ამბობს, რომ ღაზის სექტორს დახმარება უნდა მიეწოდებოდეს და "აგრესია უნდა შეწყდეს".

"ჩვენ მზად ვართ მძევლების პრობლემა მოვაგვაროთ პოზიტიურ ჭრილში. მზად ვართ ისინი გავათავისუფლოთ, თუმცა ამისთვის უნდა შეიქმნას კეთილგანწყობილი პირობები. ღაზას სექტორში აგრესია უნდა შეწყდეს და აუცილებელია ღაზაში დახმარება შემოვიდეს. გვაქვს მჭიდრო კონტაქტები ჩვენ ძმებთან კატარში. მათ (2 ამერიკელი მძევლის) გათავისუფლებაში დიდი როლი ითამაშეს", - თქვა ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელმა.

ჰამადის თქმით, "თუ სახმელეთო ოპერაცია ღაზაში დაიწყება, ის ისრაელისთვის ჯოჯოხეთად იქცევა".

***

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის ინფორმაციით, ჰამასმა ორი მძევალი გაათავისუფლა. საუბარია აშშ-ის მოქალაქეებზე - ჯუდიტ ტაი რაანანსა და მის 17 წლის შვილზე, ნატალი რაანანზე, რომლებიც 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს გაიტაცეს.

დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. CNN წერს, რომ მას შემდეგ, რაც 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადავიდა, გამშვები პუნქტი დაიკეტა.

19 ოქტომბერს ჯო ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა. მან თქვა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანა შევიდოდა, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიან ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

ამას წინ უძღოდა ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი - ის შეხვდა  ე.წ. ომის კაბინეტს და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ამასთან, პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ღაზის საავადმყოფოზე იერში არა ისრაელმა, არამედ "სხვა ჯგუფმა" მიიტანა. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ კლინიკის დაბომბვაზე განცხადება თავდაცვის დეპარტამენტისგან მიღებული ცნობების საფუძველზე გააკეთა. 

ვიზიტის დასრულების წინ ბაიდენმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონგრესს მიმართა, ისრაელს თავდაცვის "უპრეცედენტო" დახმარების პაკეტი გამოუყოს. სწორედ აქ გააჟღერა მან პირველად ინფორმაცია, რომ ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაშვებას დათანხმდა.

 


close დახურვა