logo
ENG



ჰამასის თავდასხმის გამო, რიგმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

07 ოქტ 202321:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/a330ivnatgbk7wa.jpg

ისრაელზე ტერორიტული ორგანიზაცია ჰამასის მიერ თავდასხმის გამო, რიგმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.

ავიაკომპანია Lufthansa-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისრაელის მიმართილებით ფრენების რაოდენობას ამცირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ შაბათს შესრულდა თელ-ავივიდან ფრანქფურტის მიმართულებით რეისი, თუმცა სხვა რეისები, რომლებიც დღეს იყო დაგეგმილი, ჯერჯერობით გაუქმებულია.

შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა, რომელიც Lufthansa-ს შვილობილი კომპანიაა, მიიღო გადაწყვეტილება ისრაელის მიმართულებიტ ფრენები გაურკვეველი ვადით გადადოს. კომპანიაში მიზეზად ისრაელში შემქნილ ვითარებას ასაცელებენ და აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მიიღეს.

მედიის ცნობით, დღის განმავლობაში, დაწყებული თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე თვითმფრინავმა კურსი შეცვალა და უკან გაბრუნდა. მაგალითად, Wizz Air-ის თვითმფრინავმა, რომელიც რომიდან თელ-ავივში მიფრინავდა, ისევ იტალიაში დაბრუნდა. კომპანიას კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომელიც ასევე ისრაელის დედაქალაქში მიფრინავდა, ლარნაკაში დაჯდა.

Spiegel-ი წერს, რომ Turkish Airlines-მა თავდასხმის დაწყების შემდეგ თვითმფრინავი კვიპროსის მახლობლად უკან მოაბრუნა. გარდა ამისა, რეისები გააუქმა პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფრენების აღდგენა ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზეა დამოკიდებული და უახლოეს დღეებში განვითარებულ მოვლენებს დააკვირდებიან.

***

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა ისროლეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს"


close დახურვა