logo
ENG



ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა

11 ოქტ 202309:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/11/qihp8zz58wai86e.jpg

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში, სულ მცირე, 1200 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ჯონათან კანრიკუსმა ისაუბრა. 

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო კი ამბობს, რომ თავდასხმის შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევას ღაზას სექტორში 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის

 

close დახურვა