logo
ENG



ჰამილტონი: ის, რომ კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვას განიხილავენ, უკვე ტრაგიკულია

27 დეკ 202222:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/27/i14y1sujhlmujxs.png

აშშ-ის თადარიგის პოლკოვნიკის, "საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" მკვლევარი რობერტ ჰამილტონის თქმით, "ის ფაქტი, რომ აშშ-ის კონგრესში საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვას, ან საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომდგენლის სანქცირების საკითხს განიხილავენ, მოვლენათა ტრაგიკული განვითარებაა".

ჰამილტონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა ეს შესაძლებლობაა საქართველოსთვის, "მიაღწიოს NATO-სთან უფრო ახლო პარტნიორობას და გაამყაროს ალიანსთან ურთიერთობა".

"ვფიქრობ, რომ თავად ის ფაქტიც, რომ კონგრესში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვის, ან საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის სანქცირების საკითხს, - თავად ის ფაქტიც კი, რომ ეს დისკუსიები ხდება, არის მოვლენათა ტრაგიკული განვითარება საქართველოსთვის.

ომი უკრაინაში თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა ნატოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში, ყველანაირად გაუმართლებელია, მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს ნატოსთან უფრო ახლო პარტნიორობას და გაამყაროს ალიანსთან მისი ურთიერთობა. იმისთვის, რომ ის დაინახონ უკრაინის გვერდით. 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს და უკრაინას ყოველთვის ერთად ახსენებდნენ ხოლმე, საქართველოსთვის სამწუხაროდ, ვფიქრობ ამ ომმა აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, არამედ მათი მზაობის კუთხითაც, იყვნენ ნატოს პარტნიორები და გააკეთონ ის, რასაც ნატოს წევრები აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია. და როცა ეს მოხდება, ეს ძალიან სევდიანი დღე იქნება საქართველოსთვის", - თქვა ჰამილტონმა.

კითხვაზე, "რა ტიპის დახმარება სჭირდება საქართველოს ნატოსგან და უსაფრთხოების რა რისკები არსებობს თბილისისთვის მაშინ, როცა ისმის განცხადებები, თითქოს დასავლეთს ქვეყნის "ომში ჩათრევა სურს", ჰამილტონმა თქვა, რომ "ეს ნარატივი სიყალბეა".

"სამწუხაროდ ესაა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი რამ, რაც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია უკრაინაში ომზე პასუხად - ეს ნარატივი, რომ დასავლეთს და ნატოს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა. რა თქმა უნდა, სიმართლისგან ამაზე შორს არაფერია. ეს უბრალოდ სიყალბეა. ვვარაუდობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამას ამბობენ, იციან, რომ ეს სიცრუეა, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ იმ პოზიციის გასამართლებლად, რაც საქართველოს უკრაინაში ომის მიმართ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მართლა სამწუხაროა. ეს არ ასახავს საქართველოს. ეს არაფრით ეხმარება ნატოს და კოლექტიურად, დასავლეთს რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში.

ასე რომ, რა სჭირდება ნატოს საქართველოსგან? ალიანსს სჭირდება მისი სერიოზული ფოკუსირება ქვეყნის, საკუთარ, ეროვნულ ტერიტორიულ თავდაცვაზე. ნატოს ქარტიის მესამე მუხლი გულისხმობს გამძლეობას, მდგრადობას. ყველა ფოკუსირებულია მეხუთე მუხლზე, მაგრამ მესამე მუხლიც ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამბობს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ჩადონ მნიშვნელოვანი და სერიოზული ინვესტიციები საკუთარი ეროვნული ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებში და შექმნან საზოგადოებრივი გამძლეობა. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ეს გააკეთოს საკუთარი თავისთვის და ნატოსკენ მისწრაფებისთვის, მოახდინოს სერიოზული ინვესტირება ამ შესაძლებლობებში. ეს დაეხმარებოდა მას, დაიცვას საკუთარი ტერიტორიები. ამგვარად, თუ და როცა ის გახდება ალიანსის წევრი, ის არ იქნება ტვირთი ნატოსთვის, არამედ მას შეეძლება წვლილი შეიტანოს საკუთარ თავდაცვაში და უფრო ფართო - ნატოს თავდაცვაში", - თქვა მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. 

17 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა თქვეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.

ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული დახმარების სისტემა ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს რეფორმებს, პარტნიორების მხრიდან მიიღებს დახმარებას.


close დახურვა