აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რაიან ჰარისი რადიო თავისუფლებისთვის წერილობით მიწერილ კომენტარში ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაადრევად შეწყვეტა პარლამენტს ასუსტებს. მისი თქმით, ისეთი დანაშაულისთვის მანდატის შეჩერება, რომელის ხანდაზმულობის ვადაც გასულია, კანონის უზენაესობისადმი კითხვებს აჩენს.
"ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაჩქარევად შეწყვეტა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ისეთი დანაშაულისთვის, რომელზეც გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, წარმოშობს კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნებს, ასუსტებს პარლამენტს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების" გაცხადებულ მიზანს, პარლამენტში პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით“, - ამბობს რაიან ჰარისი "რადიო თავისუფლებასთან".
15 თებერვალს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, პარლამენტი დატოვა ყოფილმა სპიკერმა, კახა კუჭავამ.
ელენე ხოშტარია მანდატის შეწყვეტას თვითონ ითხოვდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვნლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს. მათი თქმით, დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაული ხანდაზმულია, ამიტომ დეპუტატს მანდატი არ უნდა შეუწყდეს.
რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, უმრავლესობამ არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის შეუწყვიტა მანდატი.
საპარლამენტტო ბოიკოტის შემდეგ, 10 თებერვალს ნათელაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, თუმცა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა.