logo
ENG



ჰარცელი: ევროკავშირი არ ცნობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ არჩევნებს

10 აპრ 202217:25
3 წუთის საკითხავი
 
ჰარცელი: ევროკავშირი არ ცნობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ არჩევნებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი არ ცნობს თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ არჩევნებს.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს.

"ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება.

ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით", - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

აღსანიშნავია, რომ ასევე აშშ არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს.

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ამას ვერ შეცვლის ვერც ე.წ არჩევნები და ვერც ე.წ რეფერენდუმი.

ოკუპირებულ ცხინვალში გამართული არასამართლებრივი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები დაგმეს ლიეტუვამ და ლატვიამაც. ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ე.წ არჩევნებში 5 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ბიბილოვის დაპირება ორი ე.წ რეფერენდუმის ჩატარებაა - პირველი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.

ბიბილოვის გარდა, ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატები ასევე არიან "პარტია ნიხას-ისლიხერი, ალან გაგლოევი, ე.წ პარლამენტის ყოფილი ე.წ დეპუტატი დმიტრი ტასოევი, მოქმედი ე.წ დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ პარლამენტის ვიცე სპიკერი ალექსანდრ ლიევი

ე.წ საარჩევნო უბანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც გაიხსნა. 

რეგისტრირებულია 32 ათასი "ამომრჩეველი". 


close დახურვა