ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველოს შეეძლო უკეთ მომზადებულიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის, რადგან მისივე თქმით, "ევროკავშირს აშფოთებს ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორია".
როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაში რეფორმების შენებული ტემპი გამუდმებულ პოლიტიკურ კრიზისებს უკავშირდება.
"ვერ ვიქნები გულუბრყვილო იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც თან ახლავს პოლიტიკური კულტურის შენებას, ესაა ერთმანეთის მოსმენა და არა ის, რომ ერთმანეთი მოიხსენიონ მონებად, ომის მოსურნეებად, პუტინისტებად და მოღალატეებად. ეს გამოწვევა როგორღაც უნდა გადაილახოს. ახლა არაა ერთმანეთის დადანაშაულების თამაშისთვის მომზადების დრო. ახლა დროა, ხანგრძლივი თამაშისთვის მოემზადოთ. დაფუძნებულს იმ ღირებულებებზე, რომლებიც გვაერთიანებს - ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები - ეს არის ის ინვესტიცია, რაც აქ სასწორზე დგას.
სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ახალი წევრისგან არამხოლოდ ელიან ღირებულებებისა და სტანდარტების სრულ პატივისცემას, არამედ წვლილის შეტანას ევროკავშირის უფრო მეტად გაძლიერებაში. საქართველოს შეეძლო უფრო უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის. ეს ემთხვევა იმ დროს, როდესაც ევროკავშირს მზარდად აშფოთებს ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორია. ბოლო წლებში შენელდა რეფორმების ტემპი, რომელიც ნაწილობრივ გამუდმებულ პოლიტიკურ კრიზისებს უკავშირდება და პასუხი ორივე მხარეს ეკისრება ამაზე. ასევე, უკავშირდება კოვიდპანდემიასაც"- თქვა მან.
ჰარცელის თქმით, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები აჩენს კითხვებს, თუ საით მიემართება საქართველო. მან ისაუბრა არჩევნების დემოკრატიულობაზე, 5 ივლისის ძალადობასა, უმცირესობების უფლებებზე და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ქმედებამ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლამ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
"ბოლო თვეებში კი გაჩნდა კითხვა, საით მიემართება საქართველო? აქ საიდუმლოებებს არ ვამხელ, რადგან ყველამ ნახა საზოგადოების რეაქცია იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც განვითარდა ბოლო წელს - კითხვის ნიშნები ტენდენციაზე, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიულ არჩევნებს, 5 ივლისის ძალადობას, უმცირესობების უფლებებსა და ჟურნალისტების დაცვას. იყო ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას.
ამ ქმედებებმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საერთო დემოკრატიული მექანიზმის მიმართ პატივისცემა. ეს არ არის მარგინალური მნიშვნელობის მოვლენები, მაგრამ ყველა მათგანი პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ მზად ვართ, წინ წაწევაში დაგეხმაროთ, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული"- განაცხადა ჰარცელმა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის ორივე ნაწილის შევსება 6 მაისს დაასრულა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 11 აპრილს გადაეცა.
მთავრობამ მხოლოდ კითხვარები გაასაჯაროვა. უცნობია, როგორ შეავსო კითხვარი საქართველოს ხელისუფლებამ.
კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.
კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
24 მაისს ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ, რომელშიც ევროკავშირისთვის პრობლემური საკითხებია ჩამოთვლილი, რის გამოც საქართველოს შესაძლოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ. დოკუმენტი ირაკლი ღარიბაშვილს 17-18 მაისს, ბრიუსელში ვიზიტისას გადასცეს.
პრობლემური საკითხების ჩამონათვალი 20-პუნქტიანია, მათ შორის არის შემდეგი:
- შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლა;
- ხარვეზები პირველ და მეორე ტურში;
- მოსამართლეების დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები შესაძლო დარღვევები;
- მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევები;
- ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნა;
- 5 ივლისის მოვლენები და მათზე არასათანადო რეაგირება;
- პროკურორის არჩევითობა;
- დიპლომატების ფარული მიყურადება.
სამიტი, სადაც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდება, ბრიუსელში 23-24 ივნისს გაიმართება.