logo
ENG



ჰარცელი ევროკავშირის კითხვარზე: აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი

03 მაი 202213:03
3 წუთის საკითხავი
 
ჰარცელი ევროკავშირის კითხვარზე: აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შესახებ, სავარაუდოდ, მომავალ თვეში წარადგენს.

როგორც კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესში მნიშვნელოვანია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი და ობიექტური შეფასება.

"მერგო პატივი, მიმეღო პრემიერმინისტრისგან პასუხები ჩვენს კითხვარზე. დარწმუნებული ვარ, ამ კითხვარის პასუხების მეორე ნაწილიც დროულად იქნება მოწოდებული. მინდა აღვნიშნო, რომ ვადები კარგად იყო დაცული. რაც შეეხება თვითონ პროცესს, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის 100-მეტრიანი სირბილის სპრინტი, ამას სჭირდება დრო და აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი და ობიექტური შეფასება, რომელსაც ევროკომისია ადგილზე არსებული სიტუაციის მიხედვით გააკეთებს. ეს ეხება საქართველოს შესაბამისობას ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და სხვადასხვა კრიტერიუმებთან, მათ შორის ეკონომიკურთან. ვფიქრობ, კომისია თავის მოსაზრებას საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მომავალ თვეში წარადგენს"- განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი კი 11 აპრილს გადაეცა. 

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.


close დახურვა