ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას გამოეხმაურა. მისი ვარაუდით, არჩევანი შესაძლოა "პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა".
"გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად", - აღნიშნავს ელჩი.
15 თებერვალს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, პარლამენტი დატოვა ყოფილმა სპიკერმა, კახა კუჭავამ.
ელენე ხოშტარია მანდატის შეწყვეტას თვითონ ითხოვდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვნლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს. მათი თქმით, დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაული ხანდაზმულია, ამიტომ დეპუტატს მანდატი არ უნდა შეუწყდეს.
რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, უმრავლესობამ არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის შეუწყვიტა მანდატი.
საპარლამენტტო ბოიკოტის შემდეგ, 10 თებერვალს ნათელაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, თუმცა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა.