ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ შტურმი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე და პარტიის თავმჯდომარის დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება.
"საქართველოს, როგორც "ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის" მონაწილე სახელმწიფოს, დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული.
მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: სენატორი როჯერ უიკერი; სენატორი ბენ კარდინი; კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი; კონგრესმენი ჯო იულსონი.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა ენმ-ის ოფისში ძალადობრივი შეჭრის შემდეგ 23 თებერვალს დააკავეს. მთავრობის კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა 26 თებერვალს აქცია-მსვლელობა დააანონსეს, რომელზეც მელიას გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსაც შეხვდნენ და შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში მთავარი მოთხოვნები კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება.
საერთაშორისო კრიტიკისა და ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, ახლადდამტკიცებულმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მელიას დაპატიმრება "სახელმწიფოს ღირსების დასაცავად" იყო აუცილებელი და ოპოზიციას "გულწრფელი და პირდაპირი" დიალოგისთვის მზაობა განუცხადა.