აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მორიგ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ არჩევნების შედეგი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.
განცხადებაში საუბარია დამკვირვებლების მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებზე და აღნიშნულია, რომ მონაცემები სისტემურ დარღვევებზე მიუთითებს.
"საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა, დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.
მესამე მხარისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს სისტემურ დარღვევებზე როგორც მანამდე, ასევე არჩევნების დღეს, რომელმაც გავლენა მოახდინა არჩევნების სამართლიანობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შედეგები არის გაყალბებული, ხაზი გაუსვა რუსეთის დახვეწილ ძალისხმევას არჩევნებში ჩარევის მცდელობებსა და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას.
როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ადგენენ გზას საარჩევნო პროცესისთვის, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ჭეშმარიტ ნებას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭირონ მათ და არსებითი ნაბიჯები გადადგან, რათა დაეხმარონ ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია", - ნათქვამია განცხადებაში.