logo
ENG



ჰელსინკის კომისია: ოცნებამ რუსული სტილის კანონპროექტზე კენჭისყრა მოულოდნელად გამართა

08 მარ 202320:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/08/r2s87cw5dhqiiox.jpg

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ქართული ოცნების მიერ რუსული კანონპროექტის განხილვას ეხმაურება და აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ კენჭისყრა მოულოდნელად გამართა. ჰელსინკის კომისია კვლავ აზიარებს 6 მარტს მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი თავდასხმაა სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე.

"გუშინ საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ მოულოდნელად გამართა უცხოური აგენტის რუსული სტილის კანონპროექტზე პირველი მოსმენით კენჭისყრა. ის გავიდა სრული უმრავლესობით, მხოლოდ ოპოზიციის დეპუტატებმა მისცეს ხმა წინააღმდეგ და ქართული ოცნების ოთხმა პრინციპულმა დეპუტატმა თავი შეიკავა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.

 

 


close დახურვა