ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალი ბენ ჰოჯესის განცხადებით, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, საქართველო ვერასდროს დაიბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალს. ამაზე გენერალმა ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა.
ჰოჯესი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა ერთვებოდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში და ყველა დიპლომატიური საშუალებით უნდა ამბობდეს, რომ რუსეთის ქმედებები უკანონოა.
"საქართველოს ეკონომიკა პირდაპირაა მიბმული შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან, ამიტომ თუ რუსეთის არაკანონიერი აგრესია უკრაინის მიმართ წარმატებული იქნება, თუ მას ექნება შესაძლებლობა, მიტაცებული ჰქონდეს ყირიმი, ეს სრულიად შეარყევს ე.წ საერთაშორისო წესებზე დამყარებულ წესრიგს. რუსეთი თუ წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, საქართველო ვერასდროს დაიბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალს. ჩემი აზრით, საქართველო უნდა იყოს უკრაინის მხარეს, არა ჯარით, არამედ უნდა ჩაერთოს ყველა ეკონომიკურ სანქციაში და ყველა ლეგალური და დიპლომატიური საშუალებით თქვას, რომ რასაც რუსეთი აკეთებს, უკანონოა. არ მესმის მათი არაკეთილგანწყობის. უკრაინა თავგამოდებით ეძებს იარაღს, რომ დაიცვას თავისი ხალხი და უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღე რუსული საჰაერო თავდასხმის დროს იხოცებიან. რატომ არ უნდა უნდოდეს საქართველოს, დახმარება გაუწიოს თავის შავი ზღვის მეზობელს?"- განაცხადა ჰოჯესმა.
გენერალ ბენ ჰოჯესის სრულ ინტერვიუს ნახავთ ფორმულას მთავარ გამოშვებაში, დღეს 20:00 საათზე.