ევროპის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ცარიელი ქაღალდია.
ჰოჯესს უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვა რუსეთის ხსენების გარეშე ღირებულად არ მიაჩნია. მან ისაუბრა სხვა საბჭოთა ყოფილ ქვეყნებზე, ვინც საქართველოსგან განსხვავებით მკაფიოდ აფიქსირებს რუსეთისადმი დამოკიდებულებას.
ბენ ჰოჯესის ამერიკის ხმასთან ჩატარებული ინტერვიუ უკრაინაში არსებულ დაძაბულ მდგომარეობას, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რეგიონში საქართველოს როლს შეეხებოდა.
"ვფიქრობ, ეს ცარიელი ქაღალდია. სამწუხაროდ, ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - ესენიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ არის აგრესორი და რა არის საფრთხე. საქართველოს უნდა სჯეროდეს რაღაცის.
ვფიქრობ, საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამას იმსახურებს. კარგად მესმის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია. მესმის. ესტონეთს რუსეთისგან მდინარე ყოფს. ნორვეგიას რუსეთთან საზღვარი და საზიარო სანაოსნო წყლები აქვს... სხვა ქვეყნებიც არიან რუსეთის მეზობლები, მაგრამ მათ მოახერხეს გამოსავლის გამონახვა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი ჯარისკაცები ჰყავს და მთიანი ლანდშაფტი აქვს. ქვეყანას უნდა სჯეროდეს რაღაცის. როცა მთავრობა რეზოლუციას გზავნის და უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ არ ამბობს რის წინააღმდეგ უჭერს მხარს, არ ვიცი რამდენად ღირებულია ეს” - აცხადებს გენერალი ჰოჯესი.
ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე პარლამენტში 2 დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.
საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ პოლიტიკურ აქტზე, რომლის ერთობლივ შემუშავებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ტექსტის საბოლოო ვარიანტში არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. სადავო იყო ტექსტის ფორმულირება რუსეთისა და NATO-ს შესახებ და, ასევე, ტექსტის სათაურიც.