logo
ENG



​ადვოკატი: დაკავებიდან 4 თვის შემდეგ პროკურატურა გეგმავს, მელაშვილს ბრალი დაუზუსტოს

19 იან 202114:54
3 წუთის საკითხავი
 
​ადვოკატი: დაკავებიდან 4 თვის შემდეგ პროკურატურა გეგმავს, მელაშვილს ბრალი დაუზუსტოს

ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ხვალ, 20 იანვარს, ივერი მელაშვილს ბრალს დაუზუსტებენ

მისი თქმით, დაცვის მხარისთვის ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ მუხლს არ ცვლიან - აპირებენ, დააზუსტონ ბრალდების შინაარსი. 

"დეტალებს ხვალ შევაფასებთ. მანამდე რაც შეიძლება ითქვას - ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჯერ დააპატიმრეს ადამიანი უმძიმესი ბრალდებით და 4 თვის შემდეგ აზუსტებენ, რისთვის დააპატიმრეს 4 თვის წინ" - წერს მარიკაშვილი. 

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 


close დახურვა