logo
ENG



​ჯანეზაშვილი: მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესში მონაწილეობას აღარ მივიღებ

25 მაი 202111:58
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ვინაიდან, მისი თქმით, ეს პროცესი "საქართველოსთვის საბოლოოდ დაასრულებს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებელი მოსამართლეებით დაკომპლექტების პერსპექტივას". 

უზენაეს სასამართლოში დასანიშნ კანდიდატებთან გასაუბრებები უკვე დასრულებულია და დღეიდან, 25 მაისიდან, იუსტიციის საბჭო კანდიდატების შეფასებას იწყებს. 

"მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის დაპაუზებას, არც საქართველოს პარლამენტის მხრიდან და არც საბჭოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა ამ ვალდებულების შესასრულებლად. ამაზე მიუთითებს ის, რომ დღესაც გრძელდება შერჩევის პროცესი". - წერს ჯანეზაშვილი.

მისივე განცხადებით, მნიშვნლოვანი გარემოება, რამაც კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასვლა დააჩქარა არის ის, რომ უკანასკნელ დღეებში ზედიზედ ოთხმა კანდიდატმა უკან გაიტანა განაცხადი.

"აღნიშნული პირები გასაუბრებაზე უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა მათ კანდიდატურები მოხსნეს, რაც ვფიქრობ, რომ უცნაური შემთხვევაა. ამით გზა გაეხსნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უფრო მოკლე ვადაში გადასულიყო დარჩენილი 38 კანდიდატის (რომლებთანაც გასაუბრება უკვე ჩატარებულია), წერილობით შეფასების ეტაპზე.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებმაც განაცხადი უკან გაიტანეს, ისენი არიან:

  • მოსამართლე გოგოლაური თათია
  • ერთ-ერთი იურიდიული ფირმის იურისტი და ყოფილი პროკურორი უბილავა გიზო
  • სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელი, ფოლადიშვილი ლეილა
  • მოსამართლე ჭიჭილეიშვილი ნანა

ნათლად ჩანს, რომ არათუ არ სრულდება შარლ მიშელის დოკუმენტის მკაფიო ჩანაწერი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის შეჩერების შესახებ, არამედ ფორსირებულად გრძელდება ეს პროცესი.

აქვე მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ირჩევენ 4-წლიანი ვადით, ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უვადოდ გასანწესებელ ​კანდიდატებთან.

ამიტომ მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატირების შერჩევის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი 20-30 წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში იქნებიან ე.წ. ჩინჩალაძის კლანის მიერ შერჩეული მოსამართლეები". - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი. 

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესი - მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც ახალ წევრებს კენჭი უნდა უყარონ, 26 მაისს დაინიშნა. 

ამასთან, არ შეჩერებულა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისს წერილით მიმართეს მმართველ გუნდს და მოუწოდეს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეაჩერონ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლება არ აპირებს შარლ მიშელის დოკუმენტის ამ პირობის შესრულებას. 

კახა კუჭავამ თქვა, რომ ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პასუხისმგებელია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 


close დახურვა