ლიეტუვის სეიმმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.
ამასთან, სეიმმა მოუწოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვიოს, ხოლო ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ნებისმიერი საკამათო ინიციატივებისგან, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ამ მიზანს.
სეიმმა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია 114 ხმით ანუ ერთხმად მიიღო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტი ძალიან აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მოუწოდებს მას არ გადაუხვიოს ამ გზიდან.
სეიმი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ყოველგვარი „წინააღმდეგობრივი საკანონმდებლო და სხვა ინიციატივებისგან, რომლებიც იწვევს დაპირისპირებას, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას".
დოკუმენტში ნახსენებია რუსული კანონპროექტიც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მას შემდეგ გაიწვია, რაც ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში.
გარდა ამისა, სეიმი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მსჯავრდადებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. რეზოლუციაში ასევე საუბარია მთავარი არხის დამფუძნებელზე ნიკა გვარამიაზე და მის გათავისუფლებაზე.