შორენა სიჭინავა, 60 წლის
„ამ პანდემიამ იქონია გავლენა ჩემზე, როგორ არა... ხალხი არ დადის, მაღაზია გასასტუმრებელი გვაქვს, ჩეკს ვგულისხმობ. ჩეკის გულისთვის დავდივარ აქ, ყოველდღე რომ დავდო ის ჩეკის ფული და წავიდე, თორე სად არის ვაჭრობა?! ტაქსის ფულს ვაძლევ, 5 ლარი აქეთ, 5 – იქით, ესეც 10 ლარი... წარმოიდგინე, როგორია! საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებამაც იმოქმედა. აი, მევალე მოვიდა აგერ, 15 ლარი მაქვს ამისი ვალი და არა მაქვს, რომ მივცე, ხომ უნდა ვაწყენინო?! არ არის ვაჭრობა, არა მაქვს და რა უნდა მოგცე?! ბევრი არ არის, მაგრამ 15 ლარით პურს იყიდის და სამი დღე ეყოფა, ყველას თავისი უნდა.
მეტრო რომ იყოს, არაფერი გაგვიჭირდებოდა. ძირითადად, მოხუცები დადიან სამგორში. მოხუცებმა რომ ტაქსით იარონ, პენსია ეყოფათ?! იზოგავენ და მეტროთი მოდიან ხოლმე. ახლა საერთოდ არ დადიან და არ ვიცი, როგორ არიან, რას შვებიან. მე ბევრი კლიენტი მყავს, არცერთი არ დადის. ახლა ვინც მოვიდა, ეს ჩემი კლიენტი არ არის. 30 წელია, ქუჩაში ვარ და ყველას ვიცნობ. გაჭირვებული ხალხი დადის, ან ვისაც ტრანსპორტის პრობლემა არ აქვს. როგორ ახერხებენ მოსვლას, ვერ გეტყვი. სანამ ტრანსპორტი აიკრძალებოდა, მუშაობა იყო, ახლა ძალიან ცუდი მდგომარეობაა.
სამი შვილიშვილი მყავს და სამივე ყოველდღე რაღაცას მთხოვს. რა გულმა უნდა მოგითმინოს, რომ სახლში ცარიელი მიხვიდე?! ცოდო არ არიან ბავშვები?! ამის გულისთვის ვწვალობ, თორე... ახლა წელს ერთი სამი დღე იქნება მუშაობა, მეტი არ იქნება, ვიცი. მერე რა, რომ ახალი წელია, ხალხს თუ არ აქვს, საიდან მოიტანოს?! აქამდე კარგად ვმუშაობდი, მთელ ოჯახს ვარჩენდი. ახლა რასაც ვვაჭრობ, იმისთვის მყოფნის, რომ სახლში ელემენტარული საჭმელი წავიღო. ჩემი ქმარიც მუშაობს, მაგრამ იმას ყოველდღე არ აძლევენ ფულს, ყოველდღიური ფული მაგარია. ბანკი არ მაქვს, გამიმართლა. არასდროს მქონია - ბანკის მეშინია. მე რომ ახლა ბანკი მქონდეს, ბანკიც შეიტანე, საჭმელიც წაიღე სახლში, ყველა ცუდ დღეშია ახლა, ვისაც ბანკის ვალი აქვს. სულ დაიკეტა ეს ბაზარი, აქ ხალხი ისე მუშაობდა, “ოჩერედი” ჰქონდათ, ხილს ყიდდნენ და ბანკსაც იხდიდნენ. ეგერ, სამი დღეა, ის ვაშლი უდევს... არაფერი იყიდება. ველოდებით, როდის გაიხსნება 24-დან და ტრანსპორტი ივლის.
მე ყველაფერს ჩემით ვაკეთებ, არ ვყიდულობ და ვყიდი. ვინც ყიდულობს, იმან რა უნდა ქნას?! სამი დღე ჩემი ქმარიც იდგა აქ, მე კიდე მაქვს ერთი ადგილი. მოიტანა 100 კილო ვაშლი, ის გიტოვებს 30 ლარს, ჩეკს დღეში 10-10 ლარს იხდი და რა დაგრჩება?! მე ვაჭმევდი და ვასმევდი კიდევ და აზრი?! ოღონდ არ მოვკვდეთ და კიდე გავიჭირვებ. ალბათ, გვეხმარება ეს შეზღუდვები, გამოჩნდება მალე.
წელს “ახალი წელი” არ იქნება. იქნება, მარა... ყველაფრით განსხვავებული იქნება, ადამიანს არ აქვს და როგორია?! გინდა, ოჯახში ყველაფერი იყოს და არა გაქვს. მეტროში რომ ჩავდივარ, ყველა დამწუხრებულია, უხასიათოდაა. შიში აქვს ხალხს. ქალაქში რა გარემო იქნება, ეგ ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ ზეიმი არ იქნება. ქუჩა თუ მორთული იქნება, აზრი?! ხალხი ურნებში იქექება და მშივრები დადიან ფეხით, ყველგან ასეა, რომ გაიარო. ხალხს უნდა მოახმარონ ეს ფული. აქ ყველა მოხუცებული იმას გეუბნება, ცოტა ჩამიყარე, ცოტა მომეცი... ყველა მოხუცი ცოდოა. მწვანილი რომ 20 თეთრია, იმაზეც გევაჭრებიან. მაგრად გაღარიბდა საქართველო.
ერთი გოგო მყავს და ისიც - თურქეთში. თავის შვილს უვლის იქედან, მე არ შემიძლია, ყველა ვარჩინო და არის იქ მოჯამაგირედ. მე უნდა მივლიდეს აქ ჩემი გოგო, სამოცი წლის ვარ და სხვას უვლის. ეს საქართველოა?!
მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, მე არ ვიცი. ხელი უნდა შეგვიწყონ, 220 ლარით რა უნდა გავაკეთოთ?! ადრე ღვინის ქარხანაში ვმუშაობდი 60 ლარად. ჩემმა ქმარმა, არ წახვიდეო, მაგრამ მე ჩემი ფული მინდა-მეთქი, ვუთხარი. ის 60 ლარი მე მყოფნიდა, დღეს, 60 ლარით რა უნდა იყიდო?! ჩემი ქმარი დილით 10 ლარს დამიტოვებდა, ბაზარში წავიდოდი და უკან დატვირთული მოვდიოდი ტაქსით, 50 თეთრი ღირდა. ფეხით რომ არ წამოვსულიყავი, მაგის ფული ცალკე მრჩებოდა, ახალგაზრდა ვიყავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი და მეზარებოდა ფეხით სიარული.
აქ ბევრმა დახურა და წავიდა, მთელი ბაზარი დახურული არ არის?!”