logo
ENG



„იავნანა“ დეკემბერში მორიგ საქველმოქმედო აქციას აანონსებს

10 ნოე 201920:19
3 წუთის საკითხავი
 
r5bpjo2oa8k7mwj.jpg

საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ დეკემბერში კონცერტს აანონსებს. ფონდში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლის მიუხედავად, საქმიანობას არ წყვეტენ, თუმცა მოუწოდებენ პროკურატურას, დაასრულოს გამოძიება, რათა ორგანიზაციამ ნორმალურ პირობებში განაგრძოს მუშაობა.

წერილი, რომელიც ფონდმა „იავნანამ“ პროკურატურისგან მიიღო, პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ირკვევა, შალვა თადუმაძის უწყებამ წლების განმავლობაში ვერ დაამტკიცა, რომ მსოფლიო ბანმა და მისმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ დიდი ოდენობით თანხა მიითვისეს და გაფლანგეს. ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს და არც ბრალდებული. აქედან გამომდინარე, ბურჭულაძე საქმის დახურვას მოითხოვს.

პროკურატურის წერილი  2 ოქტომბრითაა დათარიღებული. უცნობია, შეიცვალა თუ არა რაიმე საქმის გამოძიების მსვლელობაში შემდგომი ერთი თვის განმავლობაში. „ფორმულა ნიუსმა“ საგამოძიებო უწყებას დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართა, თუმცა ჩვენს კითხვებს თადუმაძის უწყებამ არ უპასუხა. „იავნანაში“ მიაჩნიათ, რომ პროკურატურას პასუხები არ აქვს, გამოძიება კი ჩიხში შევიდა. 

საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელ პირებს გამოძიება დიდი ოდენობით თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვას ედავება. საქმე "პოსტ ტივის" მიერ მომზადებული ფილმის საფუძველზე აღიძრა. შალვა რამიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის სცენარით შექმნილ ფილმში ნათქვამია, რომ პაატა ბურჭულაძემ და ფონდმა „იავნანამ“ 5 წლის განმავლობაში 9-ნახევარი მილიონი ლარი მოიზიდა, თუმცა ქველმოქმედებაზე მხოლოდ სამი მილიონი დახარჯა. 

„ქართული ოცნების“ ლიდერის ხელწერას ხედავენ პაატა ბურჭულაძის საქმეში ხელისუფლების ოპონენტებიც. ისინი  პარალელს ავლებენ  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნასთან და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს გზიდან ჩამოიშოროს ყველა, ვინც საზოგადოებაში მაღალი ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობს.

აპირებს თუ არა პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში დაბრუნებას ან რა გეგმები აქვს სამომავლოდ, უცნობია. ფაქტია, რომ პროკურატურა „იავნანას" წინააღმდეგ საქმის დახურვას არ ჩქარობს. ზეწოლისა და დევნის მიუხედავად, საქველმოქმედო ფონდი გეგმებს არ ცვლის და სოციალურად დაუცველების დახმარებას განაგრძობს. სახელმწიფოსგან მიტოვებულების დასახმარებლად „იავნანა“ დეკემბერში მორიგ საქველმოქმედო აქციას აანონსებს


close დახურვა