სამოქალაქო აქტივისტი, როლანდ ბაღათურია „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი ქადაგიშვილს სიცრუეში ამხელს და მას, GHN-ის არქივზე დაყრდნობით, 2008 წელის 11-დან 15 აგვისტოს ჩათვლით, მოვლენათა ქრონოლოგიას ახსენებს.
სამარცხვინოა, პატივს არ სცემდე მეგობარს და უფრო მეტად სამარცხვინოა, ხალხს ურცხვად აჩეჩებდე ტყუილს ჩვენი უახლესი ისტორიის შესახებ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დღეს განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ, მათ საფრთხე აღარ ექმუქრებოდათ, რადგან „ცეცხლი უკვე შეწყვეტილი იყო.“
GHN: 2008 წლის აგვისტოს ომის ქრონოლოგია
11 აგვისტო:
- სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისთან სატელეფონო საუბარში ახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი „უნდა წავიდეს“.
- ამ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები ჩამოდიან.
- ზემო აფხაზეთს კვლავ რუსეთის სამხედრო ავიაცია ბომბავს.
- რუსულმა ავიაციამ თბილისა და მის შემოგარენზე საჰაერო შეტევა განახორციელა.
- სამხედრო ბაზა სენაკში რუსმა მედესანტეებმა დაიკავეს.
- ზუგდიდის პოლიცია რუსების ხელში გადავიდა.
- გენერალი სერგეი ჩაბანი ქართულ მხარეს ულტიმატუმს უყენებს და იარაღის დაყრას მოითხოვს.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ცნობას ჩეჩნეთიდან სპეცბატალიონების "ვოსტოკისა" და "ზაპადის" გადმოყვანის შესახებ.
- ქართული მხარე ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებასთან დაკავშირებით რუსეთის თანხმობას უშედეგოდ ელის.
- ბერნარ კუშნერი თბილისში ჩამოდის.
- რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აპატიმრებენ.
- ორი დღის განმავლობაში მოსკოვში ეთნიკური ნიშნით მოკლულია 7 ქართველი 20 უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.
- საქართველოს პრეზიდენტი და უცხოელი დიპლომატები გორიდან სასწრაფოდ გამოიყვანეს.
- ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი თავის სამშვიდობო მისიას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.
- რუსულმა ავიაციამ სოფელ ტყვიავზე მორიგი იერიში მიიტანა.
- სოფელი ხურჩა აფხაზებისა და რუსების შეიარაღებულმა ნაწილებმა დაიკავეს.
- სენაკის სამხედრო აეროპორტი და სამხედრო ბაზა იმობმება.
12 აგვისტო:
- რუსეთმა ფოთის სანაპიროსთან ნაწილები გადმოსხა პორტის გარშემო 50 კმ-იანი ბუფერული ზონის შესაქმნელად.
- რუსეთის საოკუპაციო ნაწილებმა ზემო აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
- რუსეთის საოკუპაციო სამხედრო საჰარეო ძალებმა გორის რაიონის სოფელი თორტიზა დაბომბეს.
- კოდორის ხეობიდან მოსახლეობა მთლიანად გამოყვანილია.
- რუსულმა ავიაციამ თბილისის ზღვაზე იერიში მიიტანა.
- სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შესახებ ღიად განაცხადა.
- რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში „ძალით მშვიდობის დამყარების“ ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა.
- გორის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
- რუსეთის საოკუპაციო ჯარები სენაკში თავდაცვის სამინისტროს მე-2 ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურას ანადგურებენ.
- ილია მეორემ დიმიტრი მედვედევს მიმართვა გაუგზავნა და ცეცხლის უსწრაფესად შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.
- რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის საჰაერო დაბომბვებს.
- რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეტევა განახორციელეს ბაქო-თბილის-სუფსის ნავთობსადენზე.
- პარლამეტის წინ შეკრებილ მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებდა. მან ასევე გამოაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოდიოდა. (ამ დროს მეგობარი ქვეყნების პირველი პირები საქართველოს პარლამენტთან, ქართველი ხალხის გვერდით დგანან.)
მეგობარი ქვეყნების პირველი პირები საქართველოს პარლამენტის წინ. თბილისი. 2008 წლის 12 აგვისტო. ფოტო: Radek Pietruszka / PAP
13 აგვისტო:
- საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
- გორს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. მათ გადაკეტეს გორთან დასავლეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა და ქალაქში მოროდიორობა დაიწყეს.
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაარღვია და გორი კვლავ დაბომბა.
- გორიდან თბილისისკენ მომავალმა რუსულმა ტანკებმა უფლისციხის მიმართულებით გადაუხვია.
- რუსი ოკუპანტები მესტიის რაიონში შევიდნენ და, პარალელურად, გორში მშვიდობიან მოსახლეობას უსწორდებიან.
15 აგვისტო
- რუსმა ოკუპანტებმა მდინარე ცხენისწყლის საავტომობილო ხიდი გადაკეტეს, ხოლო მათმა სამხედრო ვერტმფრენებმა ბორჯომისა და ცემის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს.
როლანდ ბაღათურია, სამოქალაქო აქტივისტი:
ბატონი ქადაგიშვილის განცხადება არის მტკნარი სიცრუე და დიახ, საქართველოს მეგობარი ქვეყნების პირველი პირები, ლეხ კაჩინსკის თაოსნობით, დიდი საფრთხის მიუხედავად, საქართველოში ჩამოვიდნენ მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობდა, რადგან ასე იქცევიან ნამდვილი მეგობრები.სამარცხვინოა, პატივს არ სცემდე მეგობარს. უფრო მეტად სამარცხვინოა, პატივს არ სცემდე საკუთარ ხალხს და ასე ურცხვად აჩეჩებდე ტყუილს ჩვენი უახლესი ისტორიის შესახებ. ამასთან, მისი, როგორც ადამიანის, პერსონალური ტრაგედიაა რამედ უღირდეს მსგავსი კომენტარის გაკეთება.სამარცხვინოა!