ჩინეთთან ურთიერთობას ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩინეთი ძალიან ღირსეული პარტნიორია და კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, მიუხედავად იმისა, ძალიან დიდი სხვაობაა ჩინეთსა და საქართველოს შორის ტერიტორიით, მოსახლეობით, ეკონომიკით, 20-ტრილიონიანი სახელმწიფოა და ჩვენი ეკონომიკა არის 38 მილიარდი დოლარი, ამ სხვაობის მიუხედავად, ჩინეთი როგორც სხვა სახელმწიფოებს, საქართველოს უდგება როგორც თანასწორს. ეს მეტყველებს ამ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ღირსებაზე. ნეტავ, ყველა სახელმწიფო ასე ღირსეულად მოქმედებდეს ჩვენნაირი სახელმწიფოების მიმართ. ეს იქნებოდა ჩემი სურვილი და მოწოდება. ასევე, მინდა, შეგახსენოთ ერთი რამ, როდესაც ჩინეთზე არის საუბარი ნეგატიურ კონტექსტში, მათ შორის ღირებულებით თვალსაზრისით, ჩინეთი ბოლო ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მაგალითების თანახმად, მსოფლიოში ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც 1979 წლის შემდეგ არ ჰქონია არცერთი ომი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებითი საკითხი, რაც ჩვენ გვაახლოვებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება თავისი შინაარსით არის პოლიტიკური აქტიც, ასევე დაკავშირებულია ეკონომიკურ თანამშრომლობასთანაც. ორივე განზომილება ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია...
არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ამერიკის ჩანაცვლებაზე. იცით, წინა ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და ეს სტატუსი კვლავაც შენარჩუნებულია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ დღესვე ვართ მზად, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა, მეტიც, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან. შეგვიძლია, დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ. სუფთა ფურცლიდან და მეტიც, კონკრეტული გზამკვლევით, რომელშიც ასახული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ხელია გაწვდილი, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ბოლო ტენდენციებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტინორობის აღდგენასთან დაკავშირებით.
თქვა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.