logo
ENG


იმნაძე: ქვეყანაში არსებული შეზღუდვები საკმარისი არ არის
პაატა იმნაძე
17 ნოე, 2020 15:18
იმნაძე: ქვეყანაში არსებული შეზღუდვები საკმარისი არ არის
  • 1686ნახვები

შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, თავიდანვე იყო პროგნოზები, რომ ყველა იმ აქტივობას, რაც იყო ქვეყანაში, მოყვებოდა შემთხვევების ასეთი მატება. რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა ის ინტელექტუალური რესურსი, რაც ქვეყანაშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების თვალსაზრისით, მათ შორის, ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი კოლეგები. ყველა ერთმანეთთან შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში, საკმარისი აღარ არის ამ სიტუაციაში, საჭიროა, ასე ვთქვათ, მეტი წერტილოვანი შეზღუდვის გაკეთება ქვეყანაში. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა, რომ ქვეყანაში "ლოქდაუნი" გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს. გარდა ამისა, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია სივრცეშიც. შეზღუდვები შეეხო კვების ობიექტებსაც, რომლებსაც 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 68 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 778 კი გარდაიცვალა.


ასევე ნახეთ
close დახურვა