logo
ENG

11 ნოემბერი, 2020 | 12:20
"ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს" - მიხაილო თოდუას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მუსიკოს მიხეილ (მიხაილო) თოდუას სასამართლო პროცესი გაიმართება.

პრობაციის ეროვნული სააგენტო შინაპატიმრობაში მყოფი მუსიკოსის საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს. მიზეზი 17 ოქტომბერს გირჩის პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობაა, რაც პრობაციის სამსახურმა მას არასაპატიოდ ჩაუთვალა.

თოდუა ფიქრობს, რომ პრობაციის სააგენტოს ქმედება პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული.

"ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს რაღაც პოლიტიკური სარჩელი მოჰყვება. რეალურად ვერ ვხვდები რა ვიფიქრო, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, გარდა პოლიტიკური სარჩულისა, რომ გირჩის მიერ ორგანიზებულ საღამოში მივიღე მონაწილეობა", - აცხადებს მუსიკოსი.

ის მხარდამჭერებს მიმართავს და სთხოვს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ.

"ვთხოვე ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდში მედგა, მხარს მიჭერდა და ჩემი ტკივილი სტკიოდა, მოვიდეს 2 საათზე დღეს სასამართლოსთან. თუ სასამართლო არასწორი განაჩენის გამოტანას აპირებს და ჩემი არ რცხვენია, იქნებ თქვენი მაინც შერცხვეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მჯერა, რომ ისეთი ადამიანები შემორჩნენ სასამართლოში, რომლებიც გარდა სწორი გადაწყვეტილებისა, სხვა მხრივ არ აზროვნებენ, მაგრამ არ ვიცი, თუ გამიმართლებს და მეყოლება ასეთი მოსამართლე", - განაცხადა მიხეილ თოდუამ.

პრობაციის სააგენტოს მოთხოვნას გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც გამოეხმაურა. ის ფიქრობს, რომ საქმე, რომელიც მუსიკოსის დაკავებით 2013 წელს დაიწყო, აჩვენებს, რამდენად "სადისტურია" სისტემა.

"ეს ადამიანი ტყუილად იჯდა ციხეში. არ არსებობს დედამიწაზე არც ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მიხაილომ მას რამე დაუშავა. მუსიკოსია ეს ადამიანი, ამ პანდემიის პირობებში მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო ის, რომ სადღაც უნდა დაეკრა. სახელმწიფო კი ამ ადამიანს ეუბნება, ყოველი დაკვრის შემდეგ მოდი და მიღება-ჩაბარება ჩამაბარეო. ხომ ყველასთვის გასაგებია, რომ ეს ადამიანი არც მიმალვას ცდილობდა და არც ქვეყნიდან გაქცევას. ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად სადისტურია სისტემა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მუსიკოსი მიხეილ თოდუა, სასცენო სახელით მიხაილო 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან 6 წელი ციხეში გაატარა, რის შემდეგაც ელექტრონული მონიტორინგის საფუძველზე საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა. სასჯელის ვადის ამოწურვამდე წელიწადი და 10 თვე აქვს დარჩენილი.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა