logo
ENG

სააკაშვილი: არანაირი რევანში არ იქნება. ამასთან, ივანიშვილი უკან მოიტანს მოპარულ ფულს

06 სექ 202120:15
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: არანაირი რევანში არ იქნება. ამასთან, ივანიშვილი უკან მოიტანს მოპარულ ფულს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებას დაკარგავს, მათ მიმართ "არანაირი რევანში არ იქნება", ვინაიდან, მისი თქმით, საქართველომ რევანშით ერთსა და იმავე წრეზე სიარული უნდა დაასრულოს. 

ამავე დროს, სააკაშვილი ამბობს, რომ "ივანიშვილი უკან მოიტანს მოპარულ ყველა კაპიკს და თითოეულ ქართველს აუნაზღაურებს მიყენებულ ზარალს". 

"აუნაზღაურებს ზარალს იმ შვილებს, რომელთაც დედები და მამები გაუქცია უცხოეთში, აუნაზღაურებს ზარალს ჩვენს გლეხობას, რომელიც ვერ ასაღებდა თავის პროდუქციას მრავალი წელი;

აუნაზღაურებს ზარალს მეანაბრეებს და იმ ხალხს, ვინც აიღო კრედიტი და გაუუფასურდა, ვერ აბრუნებს, რადგან ვალუტა 2-ჯერ და მეტჯერ დაეცა;

ის აუნაზღაურებს ზარალს იმ ხალხს, ვინც სამსახურები დაკარგა და ვინც დარჩა ელემენტარული შემოსავლების გარეშე;

ის აუნაზღაურებს გაძვირებულ წამლის ფულს თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს წამალი სჭირდება. ის აუნაზღაურებს დანაკარგს, თუნდაც მატერიალურს მათ, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, რადგან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კოვიდის შედეგად 2-ჯერ გაიზარდა სიკვდილიანობა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და უმოქმედობის გამო, რომელიც ასევე გამოიწვია ივანიშვილის შეგნებულმა მავნებლობამ და ქართველი ერის გენოციდის მცდელობამ.

ივანიშვილს მოუხდება ყველა კაპიკის უკან მოტანა. მე ამას ვპირდები მას და პირველ რიგში ქართველ ხალხს. ეს ჩვენ ყველას ერთად გამოგვივა". - თქვა მან დღეს, 6 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. 

დღესვე ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნებისთვის დაბრუნება დააანონსა, თუმცა, როგორც თავად თქვა, კონკრეტულ თარიღს მოგვიანებით დაასახელებს. 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არა უბრალოდ არჩევნები, არამედ სახალხო რეფერენდუმია. 

შარლ მიშელის 19 აპრილს დოკუმენტით, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდმა ხელი ნაწილმა მოაწერა და რომელიც ქართულმა ოცნებამ 23 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია საერთო პროპორციული სიებით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. 


close დახურვა