კინოთეატრების დარბაზები, სადაც ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება მიმდინარეობს, თითქმის მთლიანად შეივსო, - ამის შესახებ კინოთეატრების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაიკი სიხარულიძემ "ფორმულას" განუცხადა.
როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, მოქალაქეები დარბაზში შესვლას, აქციის მიუხედავად, მაინც ახერხებენ. ამასთან, იგი მოქალაქეებს, რომლებსაც მომდევნო სეანსებზე აქვთ შეძენილი ბილეთები, მოუწოდებს, რომ კინოთეატრში სიანსის დაწყებამდე 1 საათით ადრე მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ფილმის ჩვენების პარალელურად, კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიებთან ვითარება დაძაბულია. რადიკალები ცდილობენ შენობაში შეღწევას და ფილმის ჩვენების ჩაშლას. ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამართულ აქციაზე რამდენჯერმე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრის მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო, 2 ადამიანი დააკავა. გარდა ამისა, აქციაზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. კერძოდ, პოლიტიკოსს დავით ბერძენიშვილს, რომელიც ადგილზე იყო მისული, უცნობი პირი თავს დაესხა.