logo
ENG



"ველოდებოდი სინანულს, თუმცა განსხვავებული რეაქცია ჰქონდა, სამწუხაროა" - კობახიძე დეგნანზე

18 მაი 202314:21
3 წუთის საკითხავი
 
"ველოდებოდი სინანულს, თუმცა განსხვავებული რეაქცია ჰქონდა, სამწუხაროა" - კობახიძე დეგნანზე
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიერ ვიზებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ელჩისგან სინანულს ელოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია ჰქონდა".

კობახიძის თქმით, ელოდებოდა, რომ ელჩი საკითხს საკონსულოში მოიკითხავდა, თუმცა მას ამ საკითხზე სინანული და გულის ტკივილი არ გამოუხატავს.

"მე ველოდებოდი, რომ მოიკითხავდა საკონსულოში, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, სინანული, გულის ტკივილი ამასთან დაკავშირებით, თუმცა ნუ არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიის მიმართაც გაისმა ბრალდება ამის შესახებ, ტექნიკური ვერ იქნება მიზეზი. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ 3 თვეში როცა არის დაგეგმილი გასტროლები, ნებისმიერ საკონსულოს შეუძლია ვიზების მოგვარება, მაგალითად, ვიღაცების წაყვანა რომ უნდათ ხოლმე, სწრაფად, ორ დღეშიც კეთდება ხოლმე ვიზები, ნებისმიერ საკონსულოში. მე ველოდებოდი სინანულს, თუმცა აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია იყო ამ შემთხვევაში, რაც ძალიან სამწუხაროა", - თქვა კობახიძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსეთის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის პარალელურად აშშ-ის მკაცრ სავიზო პოლიტიკაზე ისაუბრა.

კობახიძემ მკაცრი სავიზო რეჟიმის მაგალითად ანსამბლი მართვე მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, ივლისში უნდა გამგზავრებულიყო აშშ-ში, თუმცა საელჩომ ვიზის გაცემის ვადები ნოემბრამდე დაუსახელა, რის გამოც ისინი ვერ გაემგზავრნენ. ის ელჩს მოუწოდებს, "ასეთ რაღაცებს მიხედოს და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს".

ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა და თქვა, რომ ტელეკომპანია იმედმა აღნიშულ საკითზე არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ყოველ წელს ათასობით ადამიანი მიემგზავრება აშშ-ში სხვადასხვა პროგრამებით. ელჩის თქმით, არსებობს გარკვეული პროცედურება, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებად და პროცესი გამჭვირვალეა.


close დახურვა