logo
ENG



"კატა-თაგვობანას თამაში უნდა დასრულდეს" - ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს

15 ივლ 202214:12
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს მიმართავს და ახსნა-განმარტებებს სთხოვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ამოშალეს პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა. 

ჩხიკვაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს და არ თვლის, რომ შესაძლოა სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს.

კითხვაზე, რა ინტერესი აქვთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართულ სასამართლოზე მწვავე ბრალდებებით ილაპარაკონ, მოსამართლე პასუხობს, რომ "სასამართლოს ლანძღვა-გინება ტრენდული გახდა".

"ეს საკითხი და სპეკულაციები რომ დამთავრდეს ამ ინფორმაციის გარშემო, ზოგადად, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ რაიმე ფორმით შესაძლო სანქციის ქვეშ აღმოვჩნდე, ეს ერთი. მეორე, ყველაზე მთავარი, ვისაც შეუძლია აღნიშნული დაადასტუროს და ვფიქრობ, რომ ამის გამბედაობა ეყოფათ, ეს არის ამერიკის საელჩო. მათ ბრძანონ, ეს გადაწყვეტილება, ზოგადად ეს მოცემულობა არის თუ არა კონკრეტული მოსამართლის მიმართ სანქციის გამოყენება. არ იყო მისაღები პირადად ჩემთვის გადაწყვეტილება, თუმცა არის თუ არა ეს სანქცია, ამაზე პასუხი, თხოვნა მაქვს, გასცეს ამერიკის საელჩომ და პირდაპირ ბრძანოს, უბრალოდ ეს კატა-თაგვობანას თამაში რომ დასრულდეს. შესაძლოა, მე ამას დავარქვა, რომ ტრენდული გახდა სასამართლოს ლანძღვა-გინება ", - ამბობს ჩხიკვაძე. 

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს 20 მაისს ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის საელჩომ ამოშალა პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა.

ჩხიკვაძე ამბობს, რომ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.


close დახურვა