logo
ENG



"ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ" - გიული ალასანია ზელენსკის დახმარებისთვის მიმართავს

04 ნოე 202116:50
3 წუთის საკითხავი
 
"ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ" - გიული ალასანია ზელენსკის დახმარებისთვის მიმართავს

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის დახმარებისთვის მიმართავს. 

ვიდეომიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, გიული ალასანია აღნიშნავს, რომ მისი შვილი რაიმე გზებით უკრაინაში უნდა გადაიყვანონ, რათა შესაბამისი მკურნალობის მიღება შეძლოს. 

"მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ. სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვართ. ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ.

მინდა მივმართო ბატონ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ და ადრეც დაგვხმარებია, მაგრამ ახლა ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ როგორმე უნდა მოვაწყოთ მიხეილის გადმოყვანა აქ, უკრაინაში, რათა მან შეძლოს შესაბამისი მკურნალობის, შესაბამისი მზრუნველობის მიღება და შეძლოს, რამენაირად გადარჩეს.

მას შიმშილობის 35-ე დღე აქვს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? შესაძლოა ნებისმიერი რამ მოხდეს ნებისმიერ მომენტში. მაგრამ ეს არავის ადარდებს.

ერთადერთი რასაც მას სთავაზობენ - ციხის კლინიკაა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, სადაც არაა არანაირი პირობა ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის.

მე თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველა თქვენგანის - უკრაინის ხალხის, დეპუტატების. და მე მივმართავ უკრაინის მთავრობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის", - ამბობს გიული ალასანია.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.


close დახურვა