logo
ENG



ადვოკატის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი ციხეს ოთხშაბათამდე დატოვებს

13 აპრ 202417:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/13/fzytnizrnpp33o4.jpg

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, ლაზარე ციხეს არაუგვიანეს ოთხშაბათამდე დატოვებს.

"განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ უნდა გადაგზავნოს აუცილებლად პენიტენციურ დაწესებულებაში და შემდეგ უკვე პრეზიდენტი მოაწერს ხელს შეწყალებას, გაიგზავნება შეწყალების აქტი პენიტენციურში და შემდეგ, მსჯავრდებულმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაწესებულება.

5 დღემდე აქვს ვადა სასამართლოს, რომ გადაიგზავნოს პენიტენციურში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, შესაბამისად, იმ კვირის დასაწყისში", - აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან გუშინ, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე. ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა. 

ზურაბიშვილის თქმით, შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და დარჩენილია პროცედურები.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.  

გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა.

2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.


close დახურვა