logo
ENG



აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღზე: ვწუხვართ რუსეთის ცალმხრივი განცხადების გამო

27 მარ 202204:16
3 წუთის საკითხავი
 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რუსი "მშვიდობისმყოფელების" მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მას "ცალმხრივს" უწოდებს. 

"აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მწუხარებას, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იყო ცალმხრივი და არ ასახავდა რეალობას", - წერია განცხადებაში. 

გარდა ამისა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტოს თქმით, რუსეთის განცხადება მიმდინარე წლის 22 თებერვალს დადებულ ორმხრივ შეთანხმებას და მოკავშირეული ურთიერთქმედების დეკლარაციას ეწინააღმდეგება. 

აზერბაიჯანული მხარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასევე მოუწოდებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან "სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების სრულად გაიყვანოს". 

"მოგიწოდებთ სამმხრივი განცხადების დებულებების შესაბამისად, უზრუნველყოთ სომხეთის არმიის ნაწილებისა და უკანონო შეიარაღებული სომხური ფორმირებების გაყვანა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან, ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გადაადგილება არ წარმოაჩინოთ არასწორად, არ გამოიყენოთ გამოთქმა "მთიანი ყარაბაღი" და სწორად მიუთითოთ აზერბაიჯანის ტერიტორიების დასახელებები", - წერია განცხადებაში. 

***

26 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ჯარები რუსი "მშვიდობისმყოფელების" კონტროლირებულ ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. რუსეთმა ასევე დაადასტურა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში, ფურახის დასახლებაში განთავსებულ დანაყოფებს ოთხჯერ გაუხსნეს ცეცხლი Bayraktar TB2 დრონებით. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი "მშვიდობისმყოფელები" სიტუაციის დეესკალაციისთვის შესაბამის ზომებს იღებენ და აზერბაიჯანს სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 25 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი 24 მარტს მთიან ყარაბაღში იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, რომელიც რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლის ქვეშაა და სოფელ ფარუხში თავდაცვის არმიის ბაზას დაესხა თავს.

სომხური მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თურქული წარმოების  Bayraktar TB2-ის ტიპის დრონი გამოიყენა და მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

სომხეთმა  შესაბამისი ზომები მიღების შესახებ რუსეთს თხოვნით მიმართა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ სომხური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ, სადაც რუსი მშვიდობისმყოფელები იმყოფებიან  სიმართლეს არ შეესაბამება.


close დახურვა