ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 23 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს.
მედპერსონალის ინფიცირება
საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა. როგორც ცნობილია, COVID 19 სასწრაფო დახმარების ბრიგადის ორ ექიმსა და სამ მძღოლს დაუდასტურდა. ისინი ორთაჭალაში მდებარე სასწრაფო დახმარების ფილიალში მუშაობდნენ.
ექიმები კარანტინში იყვნენ და ვირუსი კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ დაუდგინდათ. სასწრაფო დახმარების ორთაჭალის ფილიალი უკვე დახურულია მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას კი ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. რაც შეეხება ბათუმელ მედდას, რომელიც ამავე დიაგნოზით კლინიკაში მკურნალობდა, ის უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში გაეწერა.
COVID19 საქართველოში
420 ინფიცირებული, მათგან 107 გამოჯანმრთელებული და 5 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.
დღეს დილიდან კორონავირუსით ინფიცირებულტა რაოდენობის გამო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა. ტერიტორიაზე მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება. რამდენიმე საათში სოფელში დაავადებათ კონტოლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმონსკრინგი დაიწყება.
„გირჩის” პროტესტი
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, მსოფლიოს გარკვეულ ქვეყნებთან ერთად აქციები უკვე საქართველოშიც ტარდება. პოლიტიკური პარტია გირჩი დღეს იპოდრომზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით - აქცია პერფორმანსს გამართავს. პარტიის ლიდერი ყველა მსურველთან ერთად იპოდრომზე დისტანციის დაცვითა და სეირნობით საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გააპროტესტებს.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საზოგადოებისთვის არავის აუხსნია, რა მიზანს ემსახურებოდა და რა კონკრეტული შედეგები მოიტანა შეზღუდვებმა და გატარებულმა ღონისძიებებმა. გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის ნაცვლად, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს.
ვითარება მარნეულში
ქვემო ქართლში მცხოვრები მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობს. მათი თქმით, რეგიონში ადგილობრივი პროდუქციის დისტრიბუციას მხოლოდ ერთი კომპანია ახორციელებს. პროდუქტის მიზერულ ფასად ჩაბარებას ადგილობრივები სწორედ ამ კომპანიის მონოპოლიას უკავშირებენ. მოძრაობა „სალამის" აქტივისტის ბენიამინ კასიმოვი ამბობს, რომ მარნეულის მოსახლეობა სწორედ ამიტომ გახდა იძულებული საკარანტინე პირობები დაერღვია.
მარნეულის 5 სოფელში საპროტესტო აქციები გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. ყველაზე დაძაბული მდგომარეობა სოფელ შულავერთან იყო. ადგილობრივები აცხადებდნენ რომ ხელისფულება სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში არ ეხმარებათ. პროტესტის ნიშნად, რამდენიმე მოქალაქემ პროდუქტი გზაზე დაყარა და გაანადგურა კიდეც.
აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. თავდაპირველად ხმაური ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აქციას „მასკარადი“ და პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა. მსგავსი შეფასება გააკეთა გუშინ ირაკლი კობახიძემაც პარლამენტის დარბაზიდან. მისი თქმით, მარნეულის აქცია „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" ორგანიზებული იყო.
მთავრობის ეკონომიკური გეგმა
მთავრობამ ეკონომიკური გეგმა ხვალ უნდა წარადგინოს. ჯერჯერობით უცნობია როგორ იმოქმედებს მმართველი გუნდი პანდემიის პირობებში ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველ გუნდს სამოქმედო სქემა ჯერ კიდევ არ აქვს სრულად შემუშავებული. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ფულის დარიგებით ქართული ოცნება ქვეყანაში უკვე არსებულ კრიზისს ვერ დაძლევს.
იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში უკვე თვეზე მეტია საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეკონომიკური გეგმის წარდგენა დაგვიანებულია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას გარკვეული ხედვა აქამდე უნდა შეემუშავებინა. მათი თქმით, პანდემიის მიუხედავად ბიზნეს სექტორს საქმიანობის საშუალება უნდა ჰქონდეს.
ლიეტუვის დახმარება
ლიეტუვის მთავრობა საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის დასახმარებლად 100 ათას ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
According to the Minister of Foreign Affairs of #Lithuania @LinkeviciusL, € 100 000 euros will be allocated to #Georgia, #Armenia, #Moldova, and #Ukraine to help fight #CoronaVirus and acquire medical supplies, made by Lithuanian companies#COVID_19 #COVID19Georgia pic.twitter.com/0GjQqRd5Un
„ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას აგრძელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 100 000 ევრო გამოიყოფა. ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს, სომხეთს, მოლდოვას და უკრაინას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
COVID19 მსოფლიოში
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით უკვე 184 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. ბოლო მონაცემებით, ინფექცია უკვე დაამარცხა 721 ათასზე მეტმა ადამიანმა. ჯამში ვირუსი დაუდასტურდა 2 638 000-ზე მეტ ადამიანს. ოფიციალური მონაცემებით, COVID19-ით ინფიცირებული 56 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღის განმავლობაში 2 341 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი ქვეყანაში 47 ათასს გადააჭარბა. დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა, ბოლო ცნობებით, 848 ათასს აჭარბებს. პარალელურად კალიფორნიელი მედიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ადამიანები იმაზე ადრე გარდაიცვალნენ, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.
ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია დიდ ბრიტანეთში, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდინფექციით 763 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსი 133 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი ამჯერად გაიზარდა ესპანეთშიც. გუშინ აქ ახალი კორონავირუსი 4 211 ადამიანს დაუდასტურდა, რითაც ქვეყანაში საერთო რაოდენობა 208 000-მდე გაიზარდა. ესპანეთში კორონავირუსით სულ დაღუპულია 21 700-ზე მეტი ადამიანი, ხოლო განკურნებულია 90 ათასამდე პაციენტი.
ჯანმოს განცხადება
„დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების შემცირების მიუხედავად, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა არ დასრულებულა” - განცხადება ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. ტედროს გებრეისუსის თქმით, ქვეყნების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ეპიდემიის საწყის ეტაპზე იმყოფება, ხოლო რიგ რეგიონებში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, COVID19-ით ინფიცირების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. გებრეისუსის განცხადებით, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ვინაიდან ეს ვირუსი ჩვენთან კიდევ დიდ ხანს დარჩება.